ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აკადემიკოსი მზექალა შანიძე ბსუ-ს საპატიო დოქტორად აირჩიეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს მზექალა შანიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ ენათმეცნიერს 95 წლის იუბილე მიულოცა და მის დამსახურებებზე ისაუბრა. ცნობილ მეცნიერს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის განვითარებასა და მომავალი  თაობების აღზრდაში. აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ „ქართული ენის დღის“ კვირეულის ფარგლებში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოხსენება წაიკითხა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხების“ შესახებ.

მზექალა შანიძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი (2006), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი (2002), აკადემიკოსი (2013), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2017).

ენათმეცნიერმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1948). ასპირანტურაში სწავლის დროს (1948 − 1951) მივლინებული იყო ქალაქ ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი), სადაც სწავლობდა აკადემიკოს ეგნატე კრაჩკოვსკის ხელმძღვანელობით. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, 1974 წელს − სადოქტორო დისერტაცია „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“. 1953 − 2006 წლებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრებზე; კითხულობდა ძველი ებრაული ენის, სემიტურ ენათა შედარებითი გრამატიკის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის კურსებს; 1996−1998 წლებში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა „ქართული ენის“, „ძველი ქართული ენის კურსები“.

აკადემიკოსი მზექალა შანიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი (1953−1961), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1961 − 1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამავე ინსტიტუტის (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) კონსულტანტი (2002 წლიდან დღემდე), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991). მონაწილეა სამეცნიერო ექსპედიციებისა, მათ შორის, სინის წმ. ეკატერინეს მონასტერში (1996, 2002, 2009) ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად; სამეცნიერო კონფერენციებისა: 1996 წ. − საერთაშორისო ლინგვისტური სემინარი, ბერგენი; 1999 წ. − ლინგვისტიკის ისტორიის საერთაშორისო კონგრესი, პარიზი. ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; ცალკეული შრომები დაბეჭდილია გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, რუსეთსა და საბერძნეთში. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროებია: სემიტოლოგია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ბიბლეისტიკა, მორფოლოგია, ლექსიკოლოგია.

აკადემიკოსი მზექალა შანიძე არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი (1991 წ.), გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995 წ.), თბილისის საპატიო მოქალაქე (2015 წ.). მიღებული აქვს აკაკი შანიძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია (1990), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (2011 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (2012 წ.), ღირსების ორდენი (1996 წ., 2015 წ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1986 წ., 2016 წ.), ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბრწყინვალების ორდენი (2019), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი (2019 წ.), თამარ მეფის ორდენი (2021წ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა