ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მე-10 სეზონური სკოლა გაიხსნა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში თემაზე: „აჭარის ლინგვოკულტურული  პორტრეტი“. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს ბსუ-ს ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის (DigiArchive) ახალი მასალით შევსებასა  და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში  სტუდენტების ჩართვას. საკვლევი არეალი განისაზღვრა ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობით. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან დოკუმენტირებისა და არქივირების მეთოდების თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, აითვისებენ არქივირების ტექნოლოგიურ და პროგრამულ ინსტრუმენტებს, საველე ექპედიციებში მოიპოვებენ ახალ რესურსებს და მოამზადებენ არქივირებისათვის.

საზაფხულო სკოლის თემატიკა ინტერდისციპლინურ პროგრამას შესთავაზებს მსმენელებს:

I. თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ ევროპასა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი) და საქართველოში მოღვაწე ქართველი ექსპერტები და სპეციალისტები. მათი ლექციები მიეძღვნება დოკულინგვისტიკის მეთოდებს, ინსტრუმენტებს (EAF) და სტანდარტებს (XML, TEI-P5), დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებს, აგრეთვე, აღნიშნული პროფილის ქართულ და საერთაშორისო ელექტრონულ რესურსებს (ARMAZI, ECLinG, SSGG, GDC, GNC, DigiArchive). ამ ბლოკს დაასრულებს ლექციები მომიჯნავე დისციპლინებში, რომლებიც მიეძღვნება ლინგვისტური, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული მონაცემების დოკუმენტირების საკითხებს.

II. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოპი დოკულინგვისტიკის საკითხებზე და ენობრივი მასალის მორფოსინტაქსური ანოტაციის სქემებზე. ვორკშოპის ჩასატარებლად მოწვეული არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექსპერტები: მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) და სოფია დარასელია (ლიდსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).
საზაფხულო სკოლა თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს მსმენელების ორიენტირებას პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილ ცოდნას სტუდენტები გამოიყენებენ საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით თავად ჩაიწერენ მასალებს, რის შემდგაც ტუტორების დახმარებით მოახდენენ მოპოვებული მასალის სისტემატიზაციას (AVI ფაილების დაჭრა-დახარისხებას), მეტამონაცემებით აღჭურვას, სინქრონიზაციას ELAN ფაილში და DigiArchive-ში განთავსებას. საბოლოოდ კი მოამზადებენ და წარმოადგენენ სასერთიფიკატო მოხსენებებს.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში იგეგმება დიგიტალური ჰუმანიტარიის სამი ახალი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს პილოტირება.

სეზონური სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა