19 სექტემბერი 2021 წელი
დასრულდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ რუსთველოლოგიაში. სკოლის მონაწილეებს ლექციები წაუკითხეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერებმა რუსთველოლოგიაში (პროფ. ე. ხინთიბიძე, პროფ. ზ. ხინთიბიძე), დიგიტალურ ჰუმანიტარიაში (პროფ. მ. თანდაშვილი), თარგმანმცოდნეობაში (პროფ. თ. მარგალიტაძე, პროფ. ხ. ბერიძე), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პროფ. დ. თვალთვაძე, პროფ. მ. გიორგაძე, პროფ. რ. ხალვაში, დოქტ. მ. ყამარაული).
საზაფხულო სკოლა დიგიტალურ რუსთველოლოგიაში მიზნად ისახავდა კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას და გამოყენებას რუსთველოლოგიური კვლევების განსახორციელებლად. საზაფხულო სკოლის პროგრამა დაიწყო 30 ივლისს და მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს რუსთველოლოგიასა და თარგმანის თეორიაში, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს - „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის კორპუსლინგვისტური ანალიზის მეთოდებსა და ქართული ტექსტისა და თარგმანის დაპარალელების ძირითად პრინციპებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებს.
საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა პროგრამის დასასრულს წარმოადგინეს საპრეზენტაციო მოხსენებები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო „ვეფხისტყაოსნისა“ და პოემის ინგლისური, გერმანული, რუსული, ყირგიზული და თურქული თარგმანების კორპუსლინგვისტური ანალიზი.
დიგიტალური რუსთველოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი საზაფხულო სკოლა პირველად გასულ წელს ჩატარდა და მას ბათუმის უნივერსიტეტი მასპინძლობდა ბათუმის საზაფხულო სკოლის ფარგლებში. შექმნილი ეპიდვითარებისა და დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, წლევანდელი საზაფხულო სკოლა დიგიტალურ რუსთველოლოგიაში ონლაინრეჟიმში ჩატარდა, თუმცა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციები მოწმობენ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას, ერთი მხრივ, რუსთველოლოგიის საკითხებისადმი და, მეორე მხრივ, დიგიტალური ჰუმანიტარიისადმი, რაც უდაოდ შეუწყობს ხელს საქართველოში ახალი სამეცნიერო მიმართულების - დიგიტალური რუსთველოლოგიის განვითარებას.
საზაფხულო სკოლა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და პარტიორი უნივერსიტეტების - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.