ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში, რომლის განმახორციელებელი ამერიკული მხარეა ორგანიზაცია WorldChikago, ამერიკელ მედიაექსპერტებსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საპასუხო ვიზიტი ქართული მხარის ამერიკაში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ განხორციელდა და ქართული მედიასკოლების წარმომადგენლებისათვის ამერიკული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა. მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების თანამშრომლობით მომზადდა ახალი ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,ციფრული მედია და ინოვაციები“, რომელიც აკრედიტაციის პროცესშია.
დელეგაციის წევრები: World Chicago-ს პრეზიდენ,ტი პეგი პანფენორფი, MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) -ის დირექტორი დენის მეტსონი, Public Affairs Section of the U.S. Embassy - ის წარმომადგენელი სოფიო ბზიშვილი, სამხრეთ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნათან კარპენტელი, სამხრეთ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის დირექტორი, სტეფან ჰანტი და TV-10 საუნივერსიტეტო ტელევიზიის დირექტორი ლორა ტრენდლ-პულუსი ბსუ-ს რექტორ მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეს ანზორ ბერიძეს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან მარინე გიორგაძეს და ასოცირებულ პროფესორ ინგა შამილიშვილს შეხვდნენ.
ამერიკელ მედიაექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ახალი სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მედიაგარემოს გამოწვევებზე, ციფრული მედიაგანათლების აუცილებლობასა და ამერიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესურის ჩართულობით და რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა, რეგიონში პროფესიონალი კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს და უპასუხებს იმ საჭიროებებს, რაც მასობრივი კომუნიკაციის გაციფრულებამ მოიტანა. რექტორმა მადლობა გადაუხადა პროგრამის განმახორციელებლებს საქართველოში მედიაგანათლებისა და ასევე სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისთვის.
ოფიციალურ შეხვედრაზე ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის, სამხრეთ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, მედიაექსპერტებმა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა სოფიო ბზიშვილმა მადლობა გადაუხადეს ბსუ-ში ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისთვის, ასოცირებულ პროფესორ ინგა შამილიშვილს, რომელიც ამერიკაში მედია განათლების პროგრამის ფარგლებში ორი კვირის განმალობაში იმყოფებოდა. შეხვედრაზე World Chicago-ს პრეზიდენტმა პეგი პანფენორფმა, პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და წარმატებით მონაწილეობისათვის ინგა შამილიშვილს MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) სერტიფიკატი გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა პროფესორებმა ახალი სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი პირებისათვის მასტერკლასი ჩაატარეს, ქართველ კოლეგებს პროგრამის შემუშავების მოდელები გაუზიარეს და აშშ-ს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეები გააცნეს. ამასთანავე ქართულ მხარეს გაუზიარებენ სასწავლო დისციპლინების სილაბუსებსა და სახელმძღვანელოებს. ბსუ-ში ახალი სამაგისტრო პროგრამა ,,ციფრული მედია და ინოვაციები“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება.