18 მაისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ბულგარული გამოცდილების გაზიარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა სასწავლო და სამუშაო აქტივობის განხორციელება ახალი სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედია და ინოვაციები“ გასაძლიერებლად.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 6-18 მაისს, სოფიას კლიმენტ ოჰრიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ინგა შამილიშვილი და ნათია ქათამაძე და ფილოლოგიის დოქტორი მარიამ კორინთელი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მოეწყო სოფიას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ვესსელინა ვალკანოვასთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟურნალისტიკის სწავლებაში არსებული მიდგომები, გაეცნენ სასწავლო კურიკულუმებს და არსებულ სტუდიებში პრაქტიკული სწავლების განხორციელების პროცესს.
ვიზიტს ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე ერთობლივი სასწავლო მოდულის შემუშავება და სახელმძღვანელოს თარგმნა ქართულ ენაზე. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა სოფიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, სადაც შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს როგორც „ერზმუს+“-ის, ასევე სხვა ერთობლივი პროექტების ფარგლებში. შეხვედრა გაიმართა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ მადელაინ დანოვასთან, სადაც გამოიკვეთა ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
სოფიას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ოქტომბერში გეგმავს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობას, რომლის თანაორგანიზატორიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, დეკემბრის თვეში კი უნივერსიტეტს ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეწვევიან ბულგარელი კოლეგები.