22 ოქტომბერი 2024 წელი
18-20 ოქტომბერს, „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით, ბსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები II“. კონფერენციაში 100-მდე მეცნიერი მონაწილეობდა ავსტრიიდან, მაკედონიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეებმა მოისმინეს საინტერესო მოხსენებები შემდეგ სექციებში: ლინგვისტიკის ახალი ჰორიზონტები, თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თეორია და კომპარატივისტიკა, საზოგადოება და თანამედროვე გამოწვევები, 21-ე საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება, ეთნოსი - ისტორია - თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და აკადემიური კულტურის გავრცელების კვლევითი ცენტრის“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ა.რ. რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ბულგარეთის ნეოფიტ რილსკის სახელობის სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ევროკავშირის საგრანტო პროექტის KEAC-BSR მხარდაჭერით გაიმართა.