29 ივნისი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპი დაიწყო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის 80-მდე სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევებს გაიღრმავებენ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ასევე მუშაობდა თარგმანისა და ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის (კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე) სექცია, ინგლისური ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტებმა „ბიაფის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმების თარგმნაში მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა დოქტორანტ მაია ბოლქვაძის ინსტრუქტაჟით სტუდენტებმა თარგმნეს პოლიტიკური ჟანრის ტექსტები და მუშაობდნენ ტერმინების კონტექსტური მნიშვნელობების ლექსიკონზე. აუდიო-ვიზუალური თარგმანის დასრულების შემდეგ, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს კინოფესტივალის ორგანიზატორი ზვიად ელიზიანი სერტიფიკატებს გადასცემს.