3 დეკემბერი 2015 წელი
ფრანგული ინსტიტუტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხში კოლა კაბრიელი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორ ქეთევან ქურციკიძესთან ერთად ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვიატრების სამსახურის უფროსთან ნანა ყურშუბაძესთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან მარინა გიორგაძესთან და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელთან ნატალია სურგულაძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დაიგეგმა გაცვლითი პროგრამებისა და მობილობის ხელშეწყობა, ერასმუს+-ის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დამყარება და საფრანგეთის უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმება. მხარეთა შეთანხმებით, სამაგისტრო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტებისათვის ამოქმედდება საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები, შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი პროექტები.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგული ინსტიტუტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხში კოლა კაბრიელი ფრანგული დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და ფრანგული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კოლა კაბრიელმა საერთაშორისო გამოცდა „DELF“-ის მონაწილე ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა.