17 თებერვალი 2016 წელი
შოთა რუსთაველის პოემა 50 ენაზეა თარგმნილი და 37 ქვეყანაშია დაბეჭდილი. 17 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის დარბაზში გაიმართა “ვეფხისტყაოსნის” ახალი რუსული თარგმანის პრეზენტაცია. მთარგმნელი არჩილ ხალვაში (1935-2008) ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და პროექტზე რვა წელი მუშაობდა. ახალ თარგმანში ზუსტადაა დაცული ,,ვეფხისტყაოსნის” მეტრი: მაღალი და დაბალი შაირი, 20-მარცვლოვანი ლექსი. გარდა ამისა, უცხო ენაზე პირველად ითარგმნა და გამოქვეყნდა ,,ვეფხისტყაოსნის” სრული რედაქცია: შოთა რუსთაველის ავთენტურ ტექსტთან ერთად თარგმანში შევიდა ჩანართი და დანართი სტროფები, ანუ პოემის გაგრძელებები. გამოცემა ბილინგვურია, რუსულ ტექსტს ახლავს ქართული დედანი, რომელშიც შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტი ემყარება აკადემიურ გამოცემებს (1988 და 2009 წ.), ხოლო ჩანართი-დანართი სტროფები - კრიტიკულად დადგენილ ტექსტს, რომელიც მთარგმნელს ეკუთვნის. გამოცემა დასაბეჭდად მოამზადა ბსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა, რომელსაც ეკუთვნის ვრცელი წინასიტყვაობები რუსულ და ქართულ ენებზე. წიგნის გამომცემელია მთარგმნელის ვაჟი - ემზარ ხალვაში. წიგნი დაისტამბა გამომცემლობა ”ქართულ წიგნში”.