14 აპრილი 2016 წელი
დღეს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფია ‘’სარფის’’ წარდგინება გაიმართა. მონოგრაფია, რომელზეც ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა, პირველი ცდაა სარფის, ორად გაყოფილი სოფლის კომპლექსური შესწავლისა. მონოგრაფია ‘’სარფი’’ სამეცნიერო მივლინებების დროს შეკრებილ ისტორიულ, ლიტერატურულ, ეთნოლოგიურ, ფოლკლორულ და ლინგვისტურ მასალებსა და ლაზურ ტექსტებს მოიცავს. წიგნში შეტანილია მდიდარი საილუსტრაციო მასალა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის გამოცემას ისტორიული საქართველოს შავიზღვისპირეთით დაინტერესებული მკითხველისათვის.
მონოგრაფია’’ სარფი’’ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, პროექტის მენეჯერი ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა.