12 ივლისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის II კურსის 55 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობს. მომავალი ისტორიკოსების ერთი ჯგუფი ციხის შიდა ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთ უბანში, I-III საუკუნეების რომაულ პერიოდის უბანში მუშაობს, მეორე ჯგუფი კი - ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შერეული პერიოდის არქეოლოგიურ უბანს იკვლევს. სტუდენტებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად უკვე აღმოაჩინეს რომაული და ბიზანტიური პერიოდის მონეტები, მინის ბეჭედი, სხვადასხვა სახის ჭურჭლის ფრაგმენტები, შენობის სახურავის კრამიტის ნაშთები და სამშენებლო მასალების ნაწილები.
არქეოლოგიური გათხრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.