თანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან
აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა მომავალ ეკონომისტებს სამინისტროს პროექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ბათუმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალის ბაზაზე შეიქმნება გადამზადების პროგრამა, სადაც ეკონომიკის მიმართულებისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები საჯარო სექტორში დასაქმებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. შეხვედრის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ღლონტმა და აჭარის ა.რ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.